
კვლევა – საქართველოს მოსწავლეთა 35% სკოლაში არასდროს იკვებება
20/04/2023 09:29:35 საზოგადოება
გაეროს ბავშვთა ფონდისა და “საქსტატის” კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების მესამედზე მეტი სასკოლო საათებში არასდროს იკვებება. მიზეზთა შორისაა როგორც საკვები ობიექტების არარსებობა, ისე — საკმარისი თანხის არქონა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში.
"სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 პროცენტი), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 პროცენტი). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36 პროცენტში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში", – ნათქვამია კველავაში.