
"ვიწყებთ მუშაობის ახალ ეტაპს, ვგეგმავთ აქციის გამართვას" - გვარამიას თავისუფლების მოძრაობა
20/04/2023 08:40:54 საზოგადოება
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომ პრეზიდენტმა სააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია.
ბაჩანა შენგელიას თქმით, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს, რათა აიძულონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ნიკა გვარამიას გათავისუფლება. მისივე თქმით, მოძრაობა უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
"ჩვენ რამდენიმე დღის უკან ვიხილეთ, რომ შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა 4 მოსამართლე, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, წინასააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია. სალომე ზურაბიშვილი ამ ბერკეტის არ გამოყენებით და უმოქმედობით პრაქტიკულად თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებისა, ახანგრძლივებს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.
ამ კონტექსტში მიგვაჩნია, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა ევროპარლამენტში 18 აპრილს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ჩვენი მოძრაობა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს, არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციას, რათა კოორდინირებული მოქმედებით, მაქსიმალური წნეხი განვახორციელოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე და ვაიძულოთ ისინი, უმოკლეს ვადაში გაათავისუფლონ ნიკა გვარამია, რაც აღადგენს კანონიერებას და დაგვაახლოებს ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ჩვენ ასევე ვგეგმავთ საპროტესტო აქციას, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით საზოგადოებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა, რაც შეიძლება მალე, დასრულდეს", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობა 16 თებერვალს დაფუძნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.