Accentnews.ge
გერმანიის პრეზიდენტმა პუტინის ომი ჰიტლერის ომს შეადარა

გერმანიის პრეზიდენტმა პუტინის ომი ჰიტლერის ომს შეადარა

20/04/2023 06:31:17 მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვარშავაში, სადაც ვარშავის გეტოს აჯანყების 80 წლისთავს აღნიშნავენ, პუტინის ომი ჰიტლერის ომს შეადარა.

მან გერმანიის სახელით პატიება ითხოვა და სიტყვით გამოსვლისას შემდეგი განაცხადა:

„გერმანელები გულმოდგინედ გეგმავდნენ და ჩადიოდნენ დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე. ებრაელებს ევროპასა და ვარშავაში გერმანელები წარმოუდგენელი სისასტიკითა და არაადამიანურობით სდევნიდნენ და ანადგურებდნენ“.

იმაზე საუბრისას, რომ "მსგავსი ბოროტმოქმედებები არასოდეს უნდა განმეორდეს", შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ "გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს მის ამჟამინდელ ომში რუსეთის წინააღმდეგ":

„რუსეთის პრეზიდენტმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ხელყო საზღვრები, განახორციელა მიწების მითვისება. ამ ომს უკრაინელი ხალხისთვის განუზომელი ტანჯვა, ძალადობა, ნგრევა და სიკვდილი მოაქვს. თქვენ პოლონეთში, თქვენ ისრაელში - საკუთარი ისტორიიდან იცით, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა და მისთვის ბრძოლაა საჭირო. მაგრამ ჩვენ, გერმანელებმაც ვისწავლეთ გაკვეთილი საკუთარი ისტორიიდან. აღარასოდეს - ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაში აღარასოდეს აღარ უნდა იყოს დანაშაულებრივი საიერიშო ომი, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა გფრ-ს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ "ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნები მაშინ არიან ძლიერები, როცა ისინი ერთობლივად მოქმედებენ".

გერმანიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სხვა პარტნიორებთან ერთად მომავალშიც დაეხმარება უკრაინას ჰუმანიტარული, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით.

შტაინმაიერის სახით გერმანიის სახელმწიფოს მეთაური ვარშავაში პირველად გამოვიდა სიტყვით გეტოს აჯანყების წლისთავზე. აჯანყების გმირების მემორიალთან გამართულ საზეიმო ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ და ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S