თეთრი სახლი - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პუტინის ვიზიტი იმის მანიშნებელია, მათ იციან, რომ რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის
20/04/2023 06:28:18 მსოფლიო
თეთრი სახლის პრეს–სპიკერი კარინ ჟან-პიერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ლეგიტიმური ან ლეგალური უფლება არ აქვს.
„ვიცი, რომ ის ცოტა ხნის წინ ეწვია დონბასის რეგიონს. ჩვენ ძალიან ცხადად განვაცხადეთ, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ლეგიტიმური ან ლეგალური უფლება არ აქვს”, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, პუტინის ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის და ეს რუსებმაც, მათ შორის ვლადიმერ პუტინმა, იციან.
„როგორც ჩანს, ბატონმა პუტინმა ეს ძალიან ნათლად იცის. ის, სავარაუდოდ, ცდილობს გაამხნევოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან იცის, რომ მისი არმია არასათანადოდ ასრულებს თავის ამოცანას და ცდილობს მიაღწიოს მიზნებს ამ შეჭრის გზით, რაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ვნახეთ“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.
18 აპრილს რუსულმა მედიამ კრემლის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში იმყოფებოდა. ამასთან, კრემლმა პუტინის ვიზიტის თარიღი არ დაასახელა.


