ვლადიმირ კარა-მურზას, ილია იაშინისა და ბორის ნემცოვის ადვოკატმა რუსეთი დატოვა
19/04/2023 16:26:17 მსოფლიო
რუსმა ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა, რომელიც სხვადასხვა დროს იცავდა ოპოზიციონერების, ვლადიმირ კარა-მურზას, ილია იაშინისა და ბორის ნემცოვის, ასევე მიხაილ ხოდორკოვსკის საინიციატივო ჯგუფის, ინტერესებს, რუსეთი დატოვა. მას სისხლის სამართლის პასუხისგებით ემუქრებოდნენ. ამის შესახებ ადვოკატმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პროხოროვის თქმით, მან რუსეთი დატოვა ვლადიმირ კარა-მურზას განაჩენის 17 აპრილს გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე.
„პროკურორმაც და მოსამართლემაც სხვადასხვა მიზეზით განაცხადეს, რომ აუცილებელია [ჩემი] არა მხოლოდ ადვოკატთა პალატიდან გარიცხვა, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ფიქრი. ასევე ერთ-ერთი პოლიტიკოსის მეშვეობით მივიღე ასეთი გაფრთხილება შესაძლო ინტერესის თაობაზე გენერალური პროკურორის ერთ-ერთი მოადგილის მხრიდან, რომელიც სწორედ ამ საქმეს კურირებს,“ განაცხადა ადვოკატმა.
ვლადიმირ კარა-მურზას 17 აპრილს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სახელმწიფო ღალატისა და კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმისთვის. უფლებადამცველები და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
თავად კარა-მურზამ განაცხადა, როამ „25 წელი უმაღლესი ქულაა, რომლის მიღებაც შეეძლო“. „ესე იგი, ყველაფერს სწორად ვაკეთებდი,“ თქვა პოლიტიკოსმა.


