რუსეთში 14 წელს გადაცილებულ მოზარდებს სამხედრო აღრიცხვის ერთიან რეესტრში შეიყვანენ
19/04/2023 13:05:13 მსოფლიო
რუსეთში 14 წელს გადაცილებულ მოზარდებს სამხედრო აღრცხვის ერთიან რეესტრში შეიყვანენ, - იუწყება რუსული მედია, რომლის ინფორმაციით, ეს რეესტრი გაწვევის დაანონსებული რეფორმის შემდეგ ელექტრონული სამობილიზაციო უწყისების დასაგზავნად იქნება გამოყენებული.
სამხედრო აღრიცხვის ერთიანი რეესტრის შექმნის შესახებ კანონს პრეზიდენტმა პუტინმა მიმდინარე წლის 14 აპრილს მოაწერა ხელი.
ელექტრონული სამობილიზაციო უწყისის მიღებისთანავე მოქალაქეს აეკრძალება ქვეყნიდან გასვლა, ხოლო 20 დღის განმავლობაში კომისარიატში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ მთელი რიგი შეზღუდვები ამოქმედდება: მოქალაქე ვერ შეძლებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელებას, ავტომანქანის ტარებას, საბანკო კრედიტის აღებას, თვითდასაქმებას და პირადი საბუთების გაფორმებას.
კომისარიატებს ასევე უფლება ენიჭებათ, მოქალაქეები აღრიცხვაზე დაუსწრებლად, ჩაწერისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით აიყვანონ, რისთვისაც მათთვის სხვა სახელმწიფო უწყებების მონაცემთა ბაზები იხსნება.
"ქმნიან ერთგვარ სუპერბაზას, რომელშიც ნებისმიერი ადამიანის შესახებ სრული ინფორმაცია იქნება თავმოყრილი. ეს მოქმედი ხელისუფლების დიდი ხნის ოცნებაა - მოსახლეობაზე ტოტალური კონტროლის დამყარება", — აცხადებს "The Moscow Times"-თან საუბრისას წყარო, რომლის ინფორმაცით, ბაზის შექმნას უშიშროების ფედერალური სამსახური გაუწევს კურირებას.


