
ჯანდაცვის მინისტრი – აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით ვერანაირ ვადებზე ვერ ვისაუბრებთ
19/04/2023 09:00:39 პოლიტიკა, საზოგადოება
"აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე FDA-ის და EMA- ს ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრი ამბობს, რომ ვადებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს.
"არაერთი შეხვედრა, ათეულობით შეხვედრა გაიმართა სამინისტროში დეპარტამენტების უფროსების, ჩემი მოადგილეების დონეზე. ამ მხრივ, ვფიქრობ, ძალიან გამჭვირვალეა ჩვენი სამინისტროს მუშაობა, არ ვაკლებთ მცდელობას, რომ თუ რაიმე შესაძლებლობაა მედიკამენტის შეძენა იქნება, დაფინანსება თუ ა.შ, უკან არ დავიხიოთ. ასევე, კითხვა იყო აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვების სხვა საჭიროებებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი საჭიროება ფსიქოლოგთან დაკავშირებული იქნება, მასაჟთან თუ სხვა, განვიხილოთ და უზრუნველვყოთ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ასევე, მშობლებს შევთავაზე იმ ბავშვებისთვის, სადაც თანმდევი დაავადებებიც არსებობს, რომელიც სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული, დიაგნოსტიკა ჩატარდეს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ, შეგვიძლია ეს დავაორგანიზოთ. (მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით) ვერანაირ ვადებზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს დახურულ მოუსმინეს. მინისტრი კომიტეტზე „ლელოს“ მოთხოვნის საფუძველზე მივიდა.კომიტეტზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა საკითხი განიხილეს.
სხდომას ესწრებოდნენ მშობლებიც, რომლებიც რამდენიმე თვეა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავენ.