
„თბილსერვის ჯგუფმა" რუსული КАМАЗ-ის მარკის 10 სპეცმანქანა იყიდა
19/04/2023 08:14:17 საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ КАМАЗ-ის მარკის 10 სპეცმანქანა შეისყიდა და მათში 4.5 მილიონამდე ლარი გადაიხადა, – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებ-გვერდიდან ირკვევა.
მერიის შპს-მ კომბინირებული მარილმომყრელი და ქუჩების მომრწყავი მანქანების შესყიდვა სექტემბერში გამოაცხადა, ხელშეკრულება კი ნოემბერში გაფორმდა ერთადერთ პრეტენდენტთან – „ბიზნეს ჯგუფი 2010“ [სიმონ მეფარიძე, 100%].
ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, „თბილსერვის ჯგუფს“ მიაწოდოს 10 ერთეული კომბინირებული მარილმომყრელი და ქუჩების მომრწყავი მანქანა. შესყიდვის ღირებულება 4 442 244 ლარია.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ხელშეკრულება რუსულ, КАМАЗ-ის მარკის მანქანებზე გაფორმდა.
4 და 10 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ათივე КАМАЗ შემსყიდველს – „თბილსერვის ჯგუფს“ ჩაბარდა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 100%-ს სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტი ფლობს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება.