უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოგერიებულია რუსეთის 60-ზე მეტი შეტევა
19/04/2023 06:25:16 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 60 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 58-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 60-ზე მეტი შეტევა. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ, დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.


