კიევმა მინსკიდან ელჩი გამოიძახა
19/04/2023 06:01:33 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის გამოიძახა ბელარუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 18 აპრილს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ დენის პუშილინს უმასპინძლა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრა დაგმო და დონეცკში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ლეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.
კიევში განაცხადეს, რომ არაერთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ, უკრაინის და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ პუშილინთან შეხვედრა იყო ბელარუსის მხრიდან მორიგი არამეგობრული აქტი, რომელიც მიმართულია აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის მხარდაჭერისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებს, კიევი მინსკთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.


