სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა
19/04/2023 05:45:34 მსოფლიო
სუდანში, სადაც ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს, დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე, დაშავებულების კი - 2 600-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სუდანის დედაქალაქ ხართუმში სროლის, აფეთქებების და სამხედრო თვითმფრინავების ხმა ისმის. გაერო-ში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა მათი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშროლმების სახლები დაარბიეს.
გუშინ მხარეები 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე შევიდა, მაგრამ გვიან ღამით შეთანხმება დაირღვა და შეტაკებები განახლდა.
ცნობისთვის: 16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ ომდურმანში, "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
სუდანის დედაქალაქ ხართუმში 30-მდე ქართველიც არის ჩარჩენილი და მათი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.


