
ინფრასტრუქტურული პროექტები აფხაზეთში, ენგურზე "საბაჟოს" გახსნა ცალმხრივად: „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ ხელისუფლებისგან პასუხებს მოითხოვს
18/04/2023 18:18:55 კონფლიქტები
„მოძრაობა აფხაზეთისთვის“ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დუმილის გამო აკრტიკებს. კერძოდ, მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის რეგიონში ინტენსიური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ენგურზე საბაჟოს გახსნა ცალმხრივად ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მოითხოვს ახსნა-განმარტებას – რეალურად რა დგას ამ ყველაფრის უკან? ეს ხელს უწყობს ქართულ-აფხაზური საზოგადოებების დაახლოებას თუ მხოლოდ ოკუპანტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება?
ორგანიზაში ფიქრობენ, რომ გარდა კითხვებზე პასუხების გაცემისა, პროგნოზიც გასაკეთებელია.
„ბოლო პერიოდში, აფხაზეთის რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოს, როგორც ქვეყნის როლისა და ფუნქციის სწორად გააზრების მნიშვნელობა. კონფლიქტით გაყოფილ ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგების პოლიტიკა ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტების მიღმა კი აღმოჩნდა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ოკუპანტი რუსეთის მზაკვრული გეგმები კიდევ უფრო მიზანმიმართული ხდება, რომელიც მხოლოდ ამ რეგიონის ტერიტორიულ გამოყენებას ისახავს მიზნად. ამის ფონზე, ჩვენი ხელისუფლების აუხსნელი დუმილი, კიდევ უფრო გაურკვეველ ვითარებას ქმნის და ქართულ-აფხაზური საზოგადოებების წარმომადგენლებს უფრო მეტ კითხვას უჩენს.
ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ინტენსიური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ენგურზე საბაჟოს გახსნა ცალმხრივად ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მოითხოვს ახსნა-განმარტებას. რეალურად რა დგას ამ ყველაფრის უკან? ეს ხელს უწყობს ქართულ-აფხაზური საზოგადოებების დაახლოებას თუ მხოლოდ ოკუპანტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება? - კითხვებზე პასუხია გასაცემია და პროგნოზიც გასაკეთებელია“,– ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი გადაწყვეტილებები, რომელიც საშიშ პრეცედენტებს ქმნის, ითვალისწინებს მხოლოდ ადამიანის უფლებების უგულებელყოფით საკუთარი მიზნების მიღწევას. მას აფხაზების ბედით თამაში შეუძლია და არასტაბილური, მყიფე უსაფრთხოების გარემოს შექმნით, მუდმივად მათზე ზემოქმედება“.
როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, „ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზების საჭიროებაზე მუდმივად კეთდება აქცენტი, მაგრამ ყველა ჯერზე კონფლქიტის ტრანსფორმაციის შანსებს და შესაძლებლობებს ვუშვებთ ხელიდან არასწორი შეფასებებისა და დაგვიანებული რეაგირებების გამო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკის არარსებობაზე. ეს ეხება ყველა პოლიტიკურ ძალას“.
„თუ სწორი სტრატეგიული ხედვა არ ჩამოყალიბდება კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, პროცესების ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნებაც გაგვიჭირდება“,– შიშობენ ორგანიზაციაში და იქვე დასძენენ, რომ „არსებული სტატუს-კვო , რეალურად კი ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება ოკუპირებული რეგიონში დაძაბულობის მუდმივ მოლოდინს ზრდის, ამიტომ ამის რეაგირების გარეშე დატოვება მიუღებელია!“.