საპროცედურო ომით სცადა ხელისუფლებამ, ხელი შეეშალა საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის, მაგრამ საკითხი კენჭისყრაზე კვლავ დადგება – სამნიზე
18/04/2023 17:37:43 პოლიტიკა
"რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კენჭისყრაზე 19 აპრილს კვლავ დადგება საგამოძიებო კომისიის საკითხი. მანამდე კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრების გარეშე დასრულდა პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ.
სამნიძის თქმით, „ქართული ოცნება“ საპროცედურო ომით ცდილობს კომისიის შექმნას ხელი შეუშალოს.
„ქართულ ოცნებას ეშინია სიმართლის, რომელიც უნდა დაინახოს საზოგადოებამ, როდესაც იმუშავებს საგამოძიებო კომისია და საპროცედურო ომით ეცადა ხელისუფლება ხელი შეეშალა კომისიის შექმნისთვის. ეს არის დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ოპოზიციის. პირველი შემთხვევაა ეს, როდესაც პროცედურებით, საპროცედურო ომით ცდილობდა ხელისუფლება თავის დაცვას, მაგრამ ეს გაგრძელდება ხვალ, კენჭისყრაზე ისევ დადგება საკითხი და ამას ვერ გაექცევა „ქართული ოცნება“, ოპოზიცია არის მობილიზებული“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ცნობისთვის: კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, უმრავლესობამ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარა და ეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51 - მა დეპუტატმა გაიარა.
უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილი იყო სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვა დარღვევების შემსწავლელი საორგანიზაციო კომისიის შექმნა.
საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.


