უკრაინელ “ჯადოქარს” რუსი “ალქაჯების” ორგანიზაციის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ
18/04/2023 13:52:18 მსოფლიო
უკრაინელ “ჯადოქარს” - ნიკოლაევის ოლქში მცხოვრებ ვასილი რომანიშინს რუსი “ალქაჯების”, კერძოდ “უძლიერესი ალქაჯების იმპერიის” სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, ბრალდებული ინფორმაციას აგროვებდა ნიკოლაევის თავდაცვის შესახებ და მონაცემებს რუსეთის უშიშროებასა და დაზვერვას აწვდიდა. "იგი google map-ში კარტოგრაფიულ მასალებს ქმნიდა, სადაც მონიშნული იყო შესაბამისი უკრაინული ობიექტები და შემდეგ ამ მასალებს ანონიმური მესენჯერების გამოყენებით შუამავალ პირს აწვდიდა, ეს შუამავალი კი “უძლიერესი ალქაჯების იმპერიია” გახლდათ", - იუწყება BBC სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით.
უკრაინული კონტრდაზვერვის ინფორმაციით, “უძლიერესი ალქაჯების იმპერია” წარმოადგენს ჯაშუშურ ცენტრს, რომელიც 2015 წელს ალიონა პოლინმა ჩამოაყალიბა და ეს უკანასკნელი თავს მემკვიდრეობით ალქაჯად წარადგენს.
2019 წელს სწორედ ამ ორგანიზაციამ გამართა “ალქაჯების” დიდი შეკრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგის ასამაღლებლად”, ასევე “ალქაჯების” რამდენიმე კონგრესი მოსკოვის მერიისა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ორგანიზებით. უკრაინელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ორგანიზაციამ უცხოეთში მყოფ თავის წევრებს რუსული ჯარისა და სპეცსამსახურების დახმარება დაავალა და ამ დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი გახლავთ სწორედ რომანიშინი.


