
ქარსელაძე – რიკოთის შესახებ: "აბსოლუტურად ყველა გალანძღეს უმიზეზოდ და ამას აკეთებდა ის ხალხი, რომელსაც ნახევარი სარაია არ აქვს აშენებული"
18/04/2023 12:08:31 პოლიტიკა, საზოგადოება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსტრი ირაკლი ქარსელაძე რიკოთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სამინისტრო უმიზეზოდ გალანძღეს".
"ვიხილეთ ძალიან ბევრი ტყუილი, ამ ტყუილზე დაყრდნობით ვიხილეთ მოსახლეობის კიდევ უფრო ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, რომ რაღაც არ არის უსაფრთხო, რაღაც ვერ ხერხდება. გალანძღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გალანძღეს სამინისტრო, თუ ვინმე კავშირში იყო ამასთან, აბსოლუტურად ყველა გალანძღეს, ყველა! ასე, უმიზეზოდ! და ამას აკეთებდა ის ხალხი, რომელსაც ნახევარი სარაია არ აქვს აშენებული. ოღონდ ეს უხერხულია ამაზე, რომ ვლაპარაკობ. ეს არის საცოდაობა მთელი ამ სიტუაციის. საცოდაობა იმ გაგებით, რომ ისედაც, როცა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, არ სჭირდება ამას ხელოვნური დაძაბვა. მით უმეტეს, თუ ეს ხელოვნური დაძაბვა ხდება სწორედ ტყუილების, სწორედ დამახინჯებული, ბოლომდე არ ნათქვამი, მანიპულირებადი მონაცემების და ჰაერიდან მოტანილი რაღაც ამბიდან. ეს ასე არ შეიძლება, მეგობრებო. ამას რომ აკეთებ და მერე პირდაპირ ეთერში იმასაც აცხადებ, რომ ახლა დამირეკეს და გზა დაკეტეს თურმე, იმიტომ, რომ მეწყერი ჩამოვიდა და იმ დროს არაფერი არ ხდება, რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია მოდელირებული რეალობა, მოდელირებული ქრონიკა“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მისი თქმით, "გზები გვაქვს უსაფრთხო":
"ბუნება მბრძანებელია, ბუნება ჩვენი დედაა, ჩვენ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ბუნებას კი არ ვერჩით, არამედ მეცნიერულად, საინჟინროდ, გამოცდილი სპეციალისტების მიერ, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით ხდება შესაბამისი გადაწყვეტების და პროექტის გაკეთება, მათ შორის, როდესაც არის მეწყერი, ამ მეწყრის შეფასებაც ხდება და შესაბამისი გადაწყვეტის პოვნა ხდება. თუ კი ისეთია მეწყერი, რომლის გადაწყვეტაც შეიძლება რთული იყოს, ან არ იყოს მიზანშეწონილი, მაშინ ხდება მარშრუტის სხვანაირი გადაგეგმარება, ეს ყველაფერი ამ პროექტებში არის გათვალისწინებული. არავითარი აპოკალიპტური სურათი არ გვაქვს, გზები გვაქვს უსაფრთხო".