
კალაძე – ორშაბათიდან თბილისის ქუჩების სისტემატურ მორეცხვას დავიწყებთ
18/04/2023 08:49:17 საზოგადოება
24 აპრილიდან თბილისის ქუჩები ინტენსიურად მოირეცხება და დასუფთავდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "ფეისბუკლაივში" ისაუბრა. ამ პროექტზე მუშაობა მან თავის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დაავალა.
"ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან უკვე კარგი ამინდია, შეგვიძლია დავიწყოთ სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი. განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს, სუფთავდებოდეს. მე მხედველობაში მაქვს საავტომობილო გზები, ტროტუარები, ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მერია დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სთხოვს.
"თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგვიძლია, ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგვეხმარება. როგორც ყოველთვის, გვერდით გვიდგანან. მხედველობაში მაქვს სახანძრო მანქანები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ბევრ ქუჩაზე მოვახერხებთ დასუფთავების სამუშაოების წარმოებას. ორშაბათიდან, 24 აპრილიდან, დავიწყოთ სამუშაოები", - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ განაცხადა, რომ მოირეცხება 100-ზე მეტი ქუჩა, ყველა მნიშვნელოვანი პანდუსი, გამზირი, გზაგამყოფი და ა.შ.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას განცხადებით, უკვე შეძენილია ახალი ტექნიკა, რომლითაც ყოველ ღამით გათენებამდე იმუშავებენ.
"შევიძინეთ დაახლოებით, 15 ერთეული სპეცტექნიკა. [...] ყოველდღიურ რეჟიმში მოირეცხება ასზე მეტი ქუჩა, გზატკეცილები, პანდუსები, გვირაბები, ხიდები, ასევე, როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის ქუჩები. ეს არ იქნება ერთჯერადი, არამედ გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველდღიურად. სამუშაოები დაიწყება ღამით, 00:00 საათიდან და გაგრძელდება 07:30 საათამდე", - განაცხადა დავით ფაჩულიამ.