უკრაინის გენშტაბი – საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ბახმუტი და მარინკაა
18/04/2023 05:52:18 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 41 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 57-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც აქტიურად იყენებს ოპერატიულ-ტაქტიკურ ავიაციასაც. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში ამ მიმართულებებით მოგერიებულია 70-ზე მეტი შეტევა.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ბახმუტი და მარინკაა.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.


