ნატო-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს სამი რუსული თვითმფრინავის გამოჩენის გამო გერმანული და ბრიტანული ავიაგამანადგურებლები ჰაერში აიჭრნენ
17/04/2023 19:00:03 მსოფლიო
გერმანული და ბრიტანული ავიაგამანადგურებლები ჰაერში აიჭრნენ, რათა დაედგინათ რამდენიმე ამოუცნობი თვითმფრინავი, რომელიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვის თავზე, ნატო-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს დაფრინავდა, – იუწყება დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები.
მისი ცნობით, დადგინდა, რომ სამი რუსული თვითმფრინავი კალინინგრადის რეგიონისკენ გადაადგილდებოდა.
როგორც დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში აცხადებენ, რუსული სამხედრო თვითმფრინავები ბალტიის ზღვის თავზე ხშირად დაფრინავენ. თუმცა ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო ძალების რეაგირება ადასტურებს ნატოს საჰაერო სივრცის კოლექტიური თავდაცვისადმი ერთგულებას.
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან ბრიტანული და გერმანული ავიაგამანადგურებლები მონაწილეობენ ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს საჰაერო პატრულირების ერთობლივ მისიაში.


