სახდეპი – კარა-მურზა რუსეთის მთავრობის რეპრესიების კიდევ ერთი სამიზნეა
17/04/2023 16:49:33 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს რუსეთის სასამართლოს მიერ ოპოზიციონერი აქტივისტისა და კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ-კარა მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს.
სახელმწიფო დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში სოლიდარობას უცხადებს "კარა-მურზას, ალექსეი ნავალნის, ილია იაშინსა და პატიმრობაში მყოფ ყველა მათ თანამოქალაქეს, რომლებიც გაბედულად იცავენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს".
"კარა-მურზა კიდევ ერთი სამიზნეა რუსეთის მთავრობის რეპრესიების ესკალაციის კამპანიისა. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, გაათავისუფლონ ბატონი კარა-მურზა ისევე, როგორც რუსეთში 400-ზე მეტი პოლიტპატიმარი", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმირ კარა-მურზას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას სახელმწიფო ღალატს, ჯარის შესახებ „ფეიკების გავრცელებასა “ და „უცხოურ აგენტთან“ თანამშრომლობას ედავებიან.
კარა-მურზა უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.
იგი აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას, ასევე – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის პოლიტიკას.
კარა-მურზამ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი თავი დაადანაშაულა იმაში, რომ "თავისი საქმიანობის მანძილზე თანამემამულეები საკმარისად ვერ დაარწმუნა, რამდენად სახიფათოა კრემლის რეჟიმი". პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის საზოგადოება შეიცვლება.
კარა-მურზას ადვოკატმა CNN-ს განუცხადა, რომ ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.
კარა-მურზას განაჩენი დაგმეს დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ, ასევე – გაერომ და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.


