gulagu.net - "ვაგნერის" ორი ყოფილი მეთაური ბავშვების მკვლელობებზე ყვება
17/04/2023 16:40:08 მსოფლიო
"ვაგნერის" ორი ყოფილი მეთაური ბავშვების მკვლელობებზე ყვება, - იუწყება gulagu.net.
gulagu.net აზამატ ულდაროვს და ალექსეი სავიჩევს "ვაგნერის" ქვედანაყოფების ყოფილ მეთაურებად მოიხსენიებს. მისი ცნობით, მათი შეწყალების ბრძანებებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში მოაწერა.
"ულდაროვი და სავიჩევი ყვებიან ტყვეების, მათ შორის დაჭრილების მასობრივ მკვლელობებზე, ასევე საკუთრივ "ვაგნერის" იმ მებრძოლთა მკვლელობებზე, რომლებიც უარს აცხადებენ ბრძოლაზე, ყვებიან ბახმუტზე შეტევისას მშვიდობიანი მოსახლეების დახოცვის შემთხვევებზე, ბავშვების და მოზარდების ჩათვლით. კერძოდ, სავიჩევი ირწმუნება, რომ მაღალჩინოსანი მეთაურების ბრძანებით მან ყუმბარები ჩაყარა ორმოში, რომელშიც მოთავსებული იყვნენ დახოცილი და დაჭრილი უკრაინელები და რუსები. იგი ასევე ამბობს, რომ მოწმე იყო 20-ზე მეტი ბავშვის მკვლელობისა. ულდაროვი აცხადებს, რომ სოლედარში პირადად მოკლა ხუთი წლის გოგონა. ულდაროვიც და სავიჩევიც აცხადებენ, რომ დახვრეტის ბრძანებებს პირადად გასცემდა "ვაგნერის" დამაარსებელი ევგენი პრიგოჟინი", – იტყობინება gulagu.net.
gulagu.net-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ამ ორი პირის მიერ მოთხრობილი ამბების სხვა წყაროებით დადასტურება არ ხერხდება.
რუსეთის არმიის და სხვა შეიარაღებული ფორმირებების, მათ შორის "ვაგნერის" მებრძოლებს უკრაინაში ადანაშაულებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში და წამებაში, და სხვა ქმედებებში, რომლებიც შეიცავს ომის, ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ნიშნებს.
პუბლიკაციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი. მისი აზრით, ვიდეოჩანაწერი "შუქს ჰფენს უკრაინაში რუსეთის არმიის დანაშაულებს".
პრეს-სამსახურის მეშვეობით განცხადება გაავრცელა ევგენი პრიგოჟინმაც, რომელიც ამბობს, რომ ბავშვების და მშვიდობიანი მოსახლეების დახვრეტის ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, პრიგოჟინი არც ადასტურებს და არც უარყოფს იმ გარემოებას, რომ ულდაროვი და სავიჩევი "ვაგნერის" მიერ იყვნენ დაქირავებულები.


