
„ჯეო სქაის“ გენერალური დირექტორი: შეტაკებები სუდანში ჩარჩენილი ჩვენი თანამშრომლების ადგილსამყოფელიდან დაახლოებით 2 კილომეტრის რადიუსში ხდება
17/04/2023 14:52:18 საზოგადოება
ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ გენერალური დირექტორი შალვა კიკნაძის განცხადებით, სუდანის დედაქალაქ ხართუმში მყოფი 30-მდე ქართველიდან 20 კომპანიის თანამშრომელია.
როგორც შალვა კიკნაძემ "საქართველოს პირველ არხს" განუცხადა, სუდანში იმყოფებიან ავიაკომპანიის მფრინავები, ბორტგამცილებლები და ინჟინრები. კიკნაძის თქმით, ისინი უსაფრთხოდ არიან და ოჯახის წევრებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ.
„ცოტა ხნის წინ წყლითა და საკვებით მოვამარაგეთ. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ასევე გაერო-ს მისია და ყველა ერთად ველოდებით მხარეებს შორის შეთანხმებას, რომ მოხდეს უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა, შემდგომში ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის მიზნით. მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. აქვთ ინტერნეტი და მუდმივ კავშირზე არიან ოჯახის წევრებთანაც. არ გადიან სახლებიდან, ერიდებიან ფანჯარასთან ან აივანზე გასვლას. ძირითადად, ყველანი არიან ერთად. ჩემი ინფორმაციით, ეს შეტაკებები მასშტაბურია. შეიძლება ითქვას, შეტაკებები მათგან დაახლოებით 2 კილომეტრის რადიუსში ხდება“, – აღნიშნა კიკნაძემ.
ამასთან, კითხვაზე, ხომ არ აქვს ინფორმაცია სუდანში მყოფი საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის შესახებ, კიკნაძემ განაცხადა, რომ კავშირი აქვთ მეორე ავიაკომპანიის, „მაივეის“ თანამშრომლებთანაც.
„ევაკუაციის ერთ-ერთი გზა არის საჰაერო გზა. ჩვენ გვყავს საჰაერო ხომალდი. თუ იქნება ასეთი შეთანხმება და მოგვეცემა საშუალება, საჰაერო გზით მოვახდინოთ ევაკუაცია, ჩვენ მზად ვართ, 100-მდე საქართველოს მოქალაქე, საელჩოს თანამშრომლები წამოვიყვანოთ ჩვენივე საჰაერო ხომალდით. ჩვენი თანამშრომლები სუდანში ერთი თვეა, იმყოფებიან. ვასრულებდით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. ვასრულებთ რეისებს სუდანიდან სტამბოლისა და ევროპის მიმართულებით. არანაირი წინაპირობა არ არსებობდა იმისა, რომ რაიმე კონფლიქტი შეიძლება, მომხდარიყო. ვასრულებდით სამგზავრო გადაზიდვებს“, – აღნიშნა კიკნაძემ.
მისი განცხადებით, შეტაკებები ძირითადად აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
„იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო გზით სუდანის დატოვების შესაძლებლობა იქნება, ამას დასჭირდება ხომალდისთვის მთელი რიგი შემოწმებების განხორციელება, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიძლება თუ არა ხომალდის გამოფრენა. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ჰუმანიტარულ დერეფანს რაც შეეხება, ვფიქრობ, სუდანში საკმაოდ ბევრი ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული და დასაქმებული არიან სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, როგორც აშშ, ასევე ევროპის ქვეყნები, საელჩოები იქნება თუ სამინისტროები, ალბათ ერთობლივად არიან ჩართული პროცესში, რომ ორივე მხარეს დაელაპარაკონ, დროებით მაინც შეწყდეს ცეცხლი და განხორციელდეს ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფა“, – განაცხადა შალვა კიკნაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ამჟამად საქართველოს 30-მდე მოქალაქეა. განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ხვთისიაშვილი ამბობს, რომ ქართველები უსაფღთხოდ არიან.
"კონტაქტზე ვართ ქართველებთან. ახლა, დაახლოებით, 30-მდე ქართველია. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ მათ, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და გადაადგილებისგან. ქართველები ყველა უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, გარეთ არ გავიდნენ", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
მანვე აღნიშნა, რომ სამინისტრო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ჰუმანიტარული დერეფანი გაკეთდეს:
"სამწუხაროდ, ამ მომენტამდე არ გაჩერებულა ბრძოლები და შეტაკებები, რათა რომელმე მხარემ აიღოს კონტქოლქვეშ სიტუაცია. ველოდებით, რომ ჩაწყნარდეს, რათა ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერ–ჯერობით არ გველაპარაკებიან".
- სუდანში მესამე დღეა, სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. შეტაკება დაიწყო სუდანის ჯარისა და შეიარაღებული ფორმირების (RFS) წევრებს შორის. მომხდარის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 100 მოქალაქე. სუდანის ჯარი ამბობს, რომ არ აპირებს RFS-თან დიალოგს მანამ, სანამ დაჯგუფება არ დაიშლება.