ბლინკენი – "დიდი შვიდეულის" სამიტზე განვიხილეთ გამოწვევები, რომელთა მოსაგვარებლად მზად ვართ
17/04/2023 13:58:58 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიაში, ქალაქ კარუიზავაში მიმდინარე შეხვედრის დროს "განიხილეს გამოწვევები, რომელთა მოსაგვარებლად მზად არიან".
"დღევანდელ სამიტზე ჩვენ განვიხილეთ მრავალი გამოწვევა – რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, მშვიდობისა და კეთილდღეობის წინსვლა ინდო-წყნარ ოკეანეში, ჩვენი საერთო პრობლემების მოგვარება ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. ჩვენ მზად ვართ, ეს გამოწვევები მოვაგვაროთ", – განაცხადა ბლინკენმა.
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებენ.
მათი თქმით, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები გააძლიერებენ კოორდინაციას, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს და რუსეთმა ვერ მიიღოს თანამედროვე შეიარაღება სხვა ქვეყნებისგან.
ამასთან, მათი განცხადებით, „დიდი შვიდეული“ გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლის გაზრდის პროცესში.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ მოსკოვს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. მათ ასევე დაგმეს პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსების შესახებ.


