
მედია – ბრიტანეთში პრემიერ–მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს
17/04/2023 13:31:23 მსოფლიო
ბრიტანეთის სტანდარტების საპარლამენტო კომისარმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, – იუწყება Reuters.
როგორც კომისარმა აღნიშნა, გამოძიების საგანი ფინანსური დეკლარაციაა.
სუნაკის პრეს–სპიკერის თქმით, გამოძიება ბავშვთა ზრუნვის ფირმაში პრემიერის მეუღლის წილს უკავშირდება.
Reuters–ის ცნობით, ლიბერალ-დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოძიების დაწყება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერის მეუღლე იყო იმ კომპანიის აქციონერი, რომელიც ბავშვებზე ზრუნვის სამთავრობო დაფინანსების პოლიტიკით ისარგებლებდა.
სუნაკის პრეს–სპიკერმა პირობა დადო, რომ ყველანაირად დაეხმარება და ხელს შეუწყობს გამოძიებას დეკლარაციის გამჭვირვალობის დასამტკიცებლად.
კომისარი პასუხისმგებელია ქცევის კოდექსისა და თემთა პალატის რეესტრის ფუნქციონირების მონიტორინგზე, მათ შორის – ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის გამოძიებაზე.
ამ კოდექსის მიხედვით, ბრიტანეთის პარლამენტის ყველა წევრს მოეთხოვება "გაამჟღავნოს ნებისმიერი ფინანსური ინტერესი, რომელმაც, სხვების აზრით, შეიძლება გავლენა იქონიოს პარლამენტის წევრის ქმედებებზე, გამოსვლებზე, ხმებზე, ან მის მიერ, როგორც წევრის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე".
"თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ სუნაკმა დაარღვია ქცევის კოდექსი, კომისარმა შეიძლება მოსთხოვოს მას აღიარება და ბოდიშის მოხდა დარღვევისთვის, ასევე განსაზღვროს ნაბიჯები მომავალში რაიმე შეცდომის თავიდან ასაცილებლად", – იუწყება Reuters.