Accentnews.ge
სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა Geo Sky-ს თანამშრომელია

სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა Geo Sky-ს თანამშრომელია

17/04/2023 10:39:12 საზოგადოება

სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა – 20–მდე პირი ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომელია. ამის შესახებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კილნაძემ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.

მისი თქმით, ისინი მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები არიან.

როგორც კილნაძემ აღნიშნა, მათი თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და მათთან ხშირი კონტაქტი აქვთ.

"არამარტო ქართული მხარე, ყველა ელოდება დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტას, რომ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს. ვიმედოვნებ, რომ მხარეები უახლოეს საათებში შეთანხმდებიან დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტაზე. როგორც კი შეწყდება ცეცხლი, მზად ვართ მათი ევაკუაცია მოვახდინოთ", - ამბობს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუდანში ახლა საქართველოს 30-მდე მოქალაქეა. მათ შორის უმრავლესობა, 20-მდე ადამიანი Geo Sky-ის თანამშრომელია. შალვა კილნაძე ამბობს, რომ თუ გამოფრენის შესაძლებლობა გაჩნდება, მზად არიან წამოიყვანონ არამარტო საკუთარი თანამშრომლები და ქართველები, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. არეულობის დაწყებამდე Geo Sky სუდანიდან ასრულებდა ფრენებს.

"თუ შესაძლებელი იქნება საჰაერო ხომალდით გამოფრენა, მზად ვარ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე სხვები წამოვიყვანოთ, იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი იქნება მსურველი. ხომალდით ჩვენი თანამშრომლების გარდა კიდევ 100-მდე ადამიანის წამოყვანა შეიძლება", - ამბობენ კომპანიაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ამჟამად საქართველოს 30-მდე მოქალაქეა. განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ხვთისიაშვილი ამბობს, რომ ქართველები უსაფღთხოდ არიან.

"კონტაქტზე ვართ ქართველებთან. ახლა, დაახლოებით, 30-მდე ქართველია. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ მათ, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და გადაადგილებისგან. ქართველები ყველა უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, გარეთ არ გავიდნენ", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

მანვე აღნიშნა, რომ სამინისტრო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ჰუმანიტარული დერეფანი გაკეთდეს:

"სამწუხაროდ, ამ მომენტამდე არ გაჩერებულა ბრძოლები და შეტაკებები, რათა რომელმე მხარემ აიღოს კონტქოლქვეშ სიტუაცია. ველოდებით, რომ ჩაწყნარდეს, რათა ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერ–ჯერობით არ გველაპარაკებიან".

სუდანში მესამე დღეა, სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. შეტაკება დაიწყო სუდანის ჯარისა და შეიარაღებული ფორმირების (RFS) წევრებს შორის. მომხდარის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 100 მოქალაქე. სუდანის ჯარი ამბობს, რომ არ აპირებს RFS-თან დიალოგს მანამ, სანამ დაჯგუფება არ დაიშლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S