
პოლონეთისა და უნგრეთის შემდეგ უკრაინული ხორბლის იმპორტს სლოვაკეთიც აჩერებს
17/04/2023 10:27:37 მსოფლიო
პოლონეთისა და უნგრეთის შემდეგ უკრაინული ხორბლის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს.
"დღეს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება ამ თემის განსახილველად. შეხვედრის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განუცხადა სლოვაკეთის მტავრობის პრეს–სპიკერმა CNN-ს.
- 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. თუმცა, პოლონეთის ლიდერებმა დასძინეს, რომ ეს საკითხი არ აისახება უკრაინის მიმართ მათ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.
პოლონეთის მმართველი კანონისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთის სოფლები კრიზისის წინაშე დგანან და მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას, იგი იძულებული გახდა ფერმერების დასაცავად ემოქმედა.
ვარშავამ განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის.
პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა ვალდემარ ბუდამ აღნიშნა, რომ ორი მხარე მოლაპარაკებას გამართავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სატრანზიტო საქონელი პოლონეთში არ დარჩება.
კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა არღვევს მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს.
ამავდროულად, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ.
- ვარშავამ და ბუდაპეშტმა განაცხადეს, რომ აკრძალვა ძალაში 30 ივნისამდე დარჩება.
- ევროკომისიის განცხადებით, უკრაინული ხორბლის იმპორტის დროებითი შეჩერების თაობაზე პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილება მიუღებელია.
„ასეთ რთულ დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილების კოორდინირება და შეთანხმება მოხდეს ევროკავშირის ფარგლებში“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.