ბრაზილიის პრეზიდენტი უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების მისაღწევად "სამშვიდობო ჯგუფის" შექმნის მოწოდებით გამოდის
17/04/2023 05:55:27 მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების მისაღწევად "სამშვიდობო ჯგუფის" შექმნის მოწოდებით გამოდის. მისი თქმით, ჯგუფი რუსეთ-უკრაინის ომთან კავშირის არმქონე ქვეყნებისგან უნდა შეიქმნას.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან განიხილა.
„პრეზიდენტი პუტინი არ იჩენს ინიციატივას ომის შესაჩერებლად ისევე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები კი განაგრძობენ საკუთარი როლის შესრულებას. ვფიქრობ, მაგიდას უნდა მივუსხდეთ და ვთქვათ - 'საკმარისია, მოდით ლაპარაკი დავიწყოთ', რადგან ომს არასოდეს მოუტანია და არც არასოდეს მოუტანს რაიმე სარგებელს კაცობრიობისთვის", - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.


