
რატომ გაჩნდა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების შესახებ ინფორმაცია ვნუკოვოს აეროპორტის ტაბლოზე
14/04/2023 15:01:40 საზოგადოება
მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - ვნუკოვოს ვებ–საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 18 აპრილიდან მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყებოდა.
- "რადიო თავისუფლების" ცნობით, იგი 16:30 საათზე დაუკავშირდა ვნუკოვოს აეროპორტის "ცხელ ხაზს", სადაც განუცხადეს, რომ 18 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისს ყოველდღიურად შეასრულებდა.
ვნუკოვოს ვებ–საიტზე ფრენების განრიგში მოსკოვი-თბილისი 17:30 საათიდან აღარ იძებნება.
რას ამბობს რუსული მხარე
კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს ტექნიკური გაუმართაობით შექმნილი პრობლემა იყო.
"ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება ტაბლოზე. ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად", - აცხადებენ ვნუკოვოს აეროპორტში.
რას ამბობს ქართული მხარე
BM.GE-სთან საუბარისას "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა უარყო, რომ კომპანია 18 აპრილიდან მოსკოვისკენ პირდაპირ ფრენებს იწყებს.
„ინფორმაცია არასწორია. არანაირი სააღდგომო რეისი არ დანიშნულა. არ ვგეგმავთ 18 აპრილიდან რეისებს. მომავალში რა იქნება ვნახოთ, ჩემთვის ფრენა არავის აუკრძალავს", - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
მას შემდეგ, რაც საკითხზე განმარტება გააკეთეს როგორც ვნუკოვოს აეროპორტმა, ისე "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელმა, განცხადება გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: თავდაპირველად ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ტელეგრამ–არხზე ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა. მან ჯერ დაწერა, რომ ამ ცნობებს ფლობს ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, შემდეგ კი ვნუკოვოს აეროპორტის განრიგი გამოაქვეყნა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. მიმდინარე წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.
მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პატიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.
მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.
საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.