შოიგუმ წყნარი ოკეანის ფლოტზე განგაში გამოაცხადა
14/04/2023 13:19:18 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს სტრატეგიული ბირთვული ძალების დემონსტრაციულ მანევრებს შეერთებულ შტატებთან მზარდი დაძაბულობის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების ფონზე, შეაჩეროს მონაწილეობა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში.
პარასკევს, 14 აპრილს, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაიწყო წყნარი ოკეანის ფლოტის მოულოდნელი შემოწმება, რომელზეც გამოცხადდა განგაში და საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე.
სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, შემოწმების მთავარი ამოცანა, რომლის ხელმძღვანელობაც რუსეთის საზღვაო ძალების მეთაურს, ადმირალ ნიკოლაი ევმენოვს დაევალა, იქნება პოტენციური მტრის აგრესიის მოგერიების უნარის ამაღლება“.
როგორც იუწყებიან, წყნარი ოკეანის ფლოტი ფლობს ოთხ სტრატეგიულ სარაკეტო კრეისერს, რომლებიც საბჭოთა დროიდან განიხილებოდა საპასუხო ბირთვული დარტყმის მთავარ იარაღად.
განმარტავენ, რომ ბირთვულ ძალებს შორის კონფლიქტის დაწყებისა და ხმელეთზე მარცხის შემთხვევაში, ოხოცკის ზღვის ყურეებში დამალულმა წყალქვეშა ნავებმა მტერს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები უნდა ესროლონ.
იარაღის გამოყენებისთვის სტრატეგიული წყალქვეშა ნავების მზადყოფნა ცალკე კონტროლის ქვეშ იქნება - ასეთი ბრძანება გასცა გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა.
მისი თქმით, წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნები სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ფლოტი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი იქნება საჰაერო თავდაცვის ძალებისა და მორიგე საავიაციო ნაწილების შემოწმებით.
როგორც იუწყებიან, წვრთნების ფარგლებში, ფლოტი განახორციელებს რაკეტების გაშვებას საზღვაო ჯგუფებისა და იმიტირებული მტრის სახმელეთო სამიზნეების განადგურების მიზნით, შემდეგ კი ჩაერთვება ავიაცია.


