
საქართველოს ფინანსთა მინისტრი EIB-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
14/04/2023 10:56:02 ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკაიას შეხვდა. სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანაში EIB-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
"აღსანიშნავია, რომ EIB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა EIB-ის ჩართულობას კერძო სექტორის გაძლიერების კუთხით", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს ბო ლისაც შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე მას მადლობა გადაუხადა ფონდის მიერ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის.