
ჩხაიძე – სააკაშვილის შესახებ: "გერმანიის ლაბორატორიიდან მივიღეთ დასკვნა, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ, ინტოქსიკაციაზე არ არის საუბარი"
14/04/2023 09:46:40 საზოგადოება
კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ინტოქსიკაცია არ დაუფიქსირდა. ჩხაიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლის ანალიზების პასუხები გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკიდან მიიღეს.
"ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს. პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს. ამ შემთხვევაშიც მუდმივად ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება პერიოდულად, ეს იყო პროტოკოლით გათვალისწინებული. მძიმე მეტალებზე კვლევა გაკეთებული გვქონდა მაისის თვეში, მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, არა იმიტომ, რომ ეჭვი არსებობდა ინტოქსიკაციაზე.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ისევ გადამოწმება. ახლაც გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ იქიდან დასკვნა - რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. ინტოქსიკაციაზე არ არის საუბარი", - განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის გამო ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს.