უკრაინის გენშტაბი - ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება
14/04/2023 05:39:42 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 19 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 39-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 49 შეტევა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.


