
შსს–მ სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
13/11/2019 06:11:48 სხვა, სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს", – აცხადებენ შსს–ში.
ცნობისთვის: გუშინ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ორგანიზაციის წევრებთან ერთად სახალხო დამცველის ოფისში მივიდა და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვდა. ომბუდსმენის ოფისში “ქართული მარშის“ მისვლას ხმაური მოჰყვა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, სანდრო ბრეგაძე კი სახალხო დამცველს ასე დაემუქრა: "ერთ კვირაში აქ მოხდება ისეთი რამ, რაც კინოფილმებშიც არ გინახავთ".
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 8 ნოემბრის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია მშვიდობიან ფორმას გასცდა და ის პირები, რომლებიც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ, უნდა დაისაჯონ.