როგორ აფასებს რუსეთი უკრაინაში საკუთარ დანაკარგებს – NYT–მა დოკუმენტები გააანალიზა
13/04/2023 15:21:03 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთის არმიის დანაკარგი უკრაინაში დაჭრილი და მოკლული სამხედროების ჩათვლით, დაახლოებით 110 ათასი ადამიანია. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტებში, წერს The New York Times.
გამოცემა ვარაუდობს, რომ დაზვერვამ ამგვარი მონაცემების შეგროვება სავარაუდოდ, ელექტრონული შეტყობინებების მოპოვების გზით შეძლო.
ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ФСБ -მ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „უკრაინაში რუსული დანაკარგების დამალვაში დაადანაშაულა“. სპეცსამსახურის ვერსიით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ანგარიშებში არ ითვალისწინებს დანაკარგს ეროვნული გვარდიის მებრძოლებს, „ვაგნერის“დაქირავებულებსა და ჩეჩნეთიდან უკრაინაში გაგზავნილ სამხედროებს შორის.
აშშ-ის დაზვერვის თანახმად, ეს ინფორმაცია გვიჩვენებს სამხედროების სურვილს, არ გადასცენ ცუდი ამბები „სამეთაურო ჯაჭვს“.
დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმირ პუტინი ცდილობდა, პირადად მოეგვარებინა „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის არსებული კონფლიქტი 22 თებერვალს ერთობლივ შეხვედრაზე დაბარებით.
მანამდე „მედიაზონას“ და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა მოახერხეს უკრაინის ომში დაღუპული 19 688 რუსი ჯარისკაცის ვინაობის გადამოწმება. რუსეთის ფედერაციის რეგიონებს შორის დადასტურებული დანაკარგების რაოდენობის მიხედვით ლიდერობენ კრასნოდარის ტერიტორია (800 დაღუპული), სვერდლოვსკი (782 დაღუპული) და ჩელიაბინსკი (649 დაღუპული). ცნობილია მოსკოვიდან 120 გარდაცვლილის, ხოლო პეტერბურგიდან 173–ის შესახებ. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. გარდა ამისა, უცნობია, დაკარგულებისა და დატყვევებულების რაოდენობა.


