
შსს – 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის 298 ათასი მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერ მეტია
12/04/2023 14:09:17 საზოგადოება
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 298 ათასი მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერ მეტია.
მთლიანად პირველ კვარტალში საქართველოში უცხოეთის 1,149,895 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში ჯამში რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 %–ია, ანუ მესამედზე მეტი.
შს მინისტრმა პარლამენტში საზღვრის კვეთების სიხშირე ასე ახსნა:
„საზღვარზე ძალიან ბევრია, რომელიც ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება და შეიძლება დღეში დღეში 3-ჯერ და 5- ჯერ გადმოვიდეს რუსეთის მოქალაქე საზღვარზე. ის, რომ კატასტროფულად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში და უბედურება ხდება, ნამდვილად არ ხდება. მე არ ვლაპარაკობ საზღვრის კვეთაზე“.
შსს-ს სტატისტიკის თანახმად, რუსეთის შემდეგ მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც პირველ კვარტალში 237 ათასი ადამიანი შემოვიდა, 224 ათასი კვეთით კი მესამე ადგილზე სომხეთია.