
გზის წმენდა გრძელდება – რა ხდება რიკოთზე
12/04/2023 07:43:49 საზოგადოება
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა უცნობია, კონკრეტულად როდის აღდგება მოძრაობა.
როგორც ცნობილია, მეწყრული პროცესები რიკოთის გვირაბიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში 11 აპრილს, დღის მეორე ნახევარში განვითარდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი სავარაუდო მეწყრული პროცესის მონიტორინგი მიმდინარეობს მთის ფერდობზე – რიკოთის გვირაბიდან სამ კილომეტრში.
„დილით მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ადგილი, სადაც პოტენციურად შეიძლებოდა, განვითარებულიყო მეწყერსაშიში პროცესები. კერძოდ, ქვათაცვენის პროცესები. მოხდა აღნიშნული ფერდის პროვოცირება. ჩამოშლილია ის კრიტიკული მასა, რაც უნდა ჩამოსულიყო. ახლა მიმდინარეობს მისი კომპლექსურად გაწმენდის და გზის გაგანიერების სამუშაოები“,– განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
უწყების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
გზების დეპარტამენტის 11 აპრილის განცხადებაში განმარტავდნენ, რომ „რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის პერიოდში, მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”.