უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში მოგერიებულია მტრის 72 შეტევა
12/04/2023 05:47:37 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 21 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 33-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 72 შეტევა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება დონეცკის ოლქის ქალაქების, ბახმუტისა და მარინკისთვის.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, უკრაინის ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 5 რაიონი.


