როდისთვის ვარაუდობს უკრაინა კონტრშეტევის დაწყებას
12/04/2023 05:27:11 მსოფლიო
უკრაინის არმიამ კონტრშეტევა შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ამერიკულ გამოცემა The Hill-ს განუცხადა. მანამდე გავრცელებული ცნობებით, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის საოკუპაციო ძალებზე კონტრშეტევას გაზაფხულიდან გეგმავდნენ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კონტრშეტევის დასაწყებად ყველაზე ინტენსიური ზეწოლა უკრაინული საზოგადოებისგანაა. დენის შმიჰალის თანახმად, მსგავს ზეწოლას არ გრძნობენ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებისგან, რადგან მათ ესმით, რომ კონტრშეტევისთვის მზად უნდა იყო ასი პროცენტით და უფრო მეტადაც.
კითხვას, როგორ აისახება ამერიკული საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევის დაგეგმვაზე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ საკუთარ ტერიტორიებს ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებენ და არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ. შმიჰალის განცხადებით, უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისგან ითხოვს მეტ სამხედრო შესაძლებლობას - ტანკებს, საბრძოლო მასალებს, თვითმფრინავებს და ჯავშანტექნიკას.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის და ფინანსთა მინისტრებს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებს შეხვდება.


