Accentnews.ge
ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიები და 40%–ით გაძვირებული ელექტროენერგია: ვინ „აკეთებს“ ფულს?

ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიები და 40%–ით გაძვირებული ელექტროენერგია: ვინ „აკეთებს“ ფულს?

11/04/2023 13:11:21 ეს საინტერესოა, ეკონომიკა

ბოლო 10 წელში ელექტროენერგიის ტარიფები საქართველოში საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 40%–ი გაიზარდა, რასაც მათ შორის, ე.წ. შუამავალ კომპანიებს უკავშირებენ. კერძოდ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2010-2022 წლებში ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები შეისწავლა და გამოკვეთა, რომ ელექტროენერგიის შიდა მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გამომუშავება, რამაც ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა გამოიწვია (2011-2022 წლებში ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება 42%-ით გაიზარდა, მოხმარება – 68%-ით, იმპორტი – 3-ჯერ). იმპორტის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ელექტროენერგიის ტარიფი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამასთან, იმპორტში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შუამავალი კომპანიები არიან ჩართული, რაც ასევე აძვირებს ელექტროენერგიას. TI-მ გაარკვია, რომ

  • აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად ყოფილ პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული კომპანია „Elgreen Holdings Incorporated“ არის ჩართული.
  • რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგია“ ჩართული, რომლის 50.01% რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნის, ხოლო 49.99% საქართველოს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) ყოფილ გენერალურ დირექტორს - ვახტანგ ამბოკაძეს.

ცხადია, შუამავალი კომპანიები ელექტროენერგიის იმპორტს მოგების მიღების მიზნით ახორციელებენ, რაც ტარიფს ზრდის. TI ამბობს, რომ პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გაჩნდა ამ პროცესში შუამავლების ჩართვის აუცილებლობა.

„ელექტროენერგიის გაძვირების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ლარის გაუფასურება, მაგრამ ერთ–ერთი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ბოლო წლებზე (2016 წლის შემდეგ პერიოდზე) აისახა, შეიძლება იყოს შუამავალი კომპანიები, რომლებიც აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში არიან ჩართულნი – ყიდულობენ ელექტროენერგიას ამ ქვეყნებიდან და შემდეგ ფასნამატით აძლევენ უკვე ჩვენს ელექტროსისტემას. იგივე რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანია თავის ფინანსურ ანგარიშებში (2020–2021 წლების) წერს, რომ 17%–იანი ფასნამატით მიყიდა ესკო–ს [ელექტროენერგია]“,– ამბობს TI-ს უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

ის სავარაუდო კორუფციაზე ამახვილებს ყურადღებას და იხსენებს, რომ ვახტანგ ამბოკაძემ კომპანიის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ესკო–ს გენერალური დირექტორი იყო. როგორც კი კომპანია დარეგისტრირდა, ზუსტად ორ დღეში გადაინაცვლა ბიზნესში:

„მანამდე ის წილი, რაც თავად აქვს, ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებული პირების ქვეშ იყო, შემდეგ – 2021–2022 წლებში გავიდა ჩხარტიშვილი და ამჟამად დაახლოებით 50%–ის მფლობელია ესკო–ს ყოფილი გენერალური დირექტორი, ხოლო მისი მთავარი კლიენტი – რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის მთავარი შემსყიდველი საქართველოში მისი ყოფილი სამსახურია. ამდენად, ძალიან ბევრი ეჭვის აღმძვრელი და კორუფციის მანიშნებელი ფაქტორები იკვეთება და ამაზე დიდი გამოძიების ჩატარებაა საჭირო“,– ყვება TI-ს უფროსი ანალიტიკოსი და დასძენს, რომ მსგავს საეჭვო გარემოებებზე რეაგირების არ ქონა სწორედ რომ სისტემურ ელიტურ კორუფციაზე მიუთითებს: „2020 წლის დასაწყისში სემეკმა დადგენილება შეცვალა, რომელმაც ამბოკაძის კომპანიას საშუალება მისცა, ფასნამატზე ემუშავა: მანამდე ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია ისე იყო ჩართული, რომ თვითღირებულებით ყიდდნენ. მაგალითად, 2019 წელს მოგება არ დარჩათ. შემდეგ წლებში გაუმჭვირვალე გახადეს იმპორტირებული ტარიფების გამოქვეყნების ვალდებულება – კანონმდებლობაც იცვლებოდა ამ კომპანიის წარმატებების პარალელურად“.

ანალიტიკოსი იხსენებს, რომ 2016 წლამდე აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლების გარეშე ხორციელდებოდა, ხოლო რუსეთიდან – 2019 წლამდე.

„ამ კომპანიების არგუმენტია, რომ ვინაიდან საქართველო ელექტროენერგიის ბირჟაზე უნდა გადავიდეს, აუცილებელია შუამავლების არსებობა. ჩვენ ჯერ არ გადავსულვართ ბირჟაზე, არავინ იცის, როდის გადავალთ, კომპანიები კი წლებია, რომ ამ სისტემას იყენებენ. ამდენად, ეს უფრო საბაბია, ვიდრე რეალური საფუძველი. არანაირი საჭიროება არაა, ხელოვნურად ვაძვირებდეთ იმპორტირებულ ელექტროენერგიას“.

TI-ს კვლევამ რამდენიმე სხვა საინტერესო გარემოებაც გამოკვეთა:

  • საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული და რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ენერგოკრიზისი არ შეიქმნება: 2021 წელს იმპორტში რუსეთის წილი 25% იყო. 2022 წელს რუსეთის წილი იმპორტში 58%-მდე გაიზარდა, თუმცა, რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში მაინც დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა - 2021 წელს 1.8% იყო, ხოლო 2022 წელს 2.6%.
  • რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების საკუთრებაში არსებულ ჰეს-ებზე საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის. ეს ჰესებია: ხრამი ჰესი 1, ხრამი ჰესი 2, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი.

შექმნილ ვითარებაში ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაციებია, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, რამდენად ზრდის იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასს შუამავალი კომპანიების ფასნამატი; შუამავალი კომპანიების იმპორტში ჩართულობის საჭიროების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, სახელმწიფომ ელექტროენერგია მათ გარეშე უნდა შეიძინოს; საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანი ელექტროენერგიის მოხმარების ეფექტიანობის და შიდა გამომუშავების ზრდა უნდა იყოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S