Accentnews.ge
PMC - ბოლო ხუთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა

PMC - ბოლო ხუთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა

11/04/2023 11:22:48 საზოგადოება

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ხუთ წელში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48%-ით 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა. შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი კი 12%-დან 18%-მდე არის გაზრდილი.

ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წლიდან საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს ახალი ქულების კატეგორიის (100001-120000) დამატებით სააგენტოს რეიტინგში. გარდა ამისა, 2020 და 2021 წლებში ზრდა ასევე გამოწვეული იყო COVID-19 პანდემიით და მის მიერ გამოწვეული შედეგებით. კერძოდ, პანდემიის პერიოდში მთავრობამ ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. მორატორიუმის პირობებში ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება. შედეგად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას ეტაპობრივად ახალი ბენეფიციარები ემატებოდნენ, გადამოწმება კი არ ხდებოდა.

ბოლო ხუთ წელში შემწეობის მიმღები ოჯახების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (საშუალოდ 44.2%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (18.3%) და შიდა ქართლში (16.9%), ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირდა თბილისში (9.8%), სამცხე-ჯავახეთსა (11%), და იმერეთში (11.6%). ამასთან, საანგარიშო პერიოდში სოციალური პროგრამების საბიუჯეტო ხარჯები თანდათან გაიზარდა (3.3 მილიარდი ლარიდან 6 მილიარდ ლარამდე). შესაბამისად, გაანალიზებულ პერიოდში ასევე გაიზარდა სოციალური პროგრამების ხარჯების წილი მთლიანი ბიუჯეტის ხარჯებში 37%-დან 40%-მდე.

სოციალური პროგრამების ხარჯების ზრდასთან ერთად გაანალიზებულ პერიოდში გაიზარდა საარსებო შემწეობის ხარჯებიც 251 მილიონი ლარიდან 609 მილიონ ლარამდე.

“საერთო ჯამში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ასევე გაიზარდა საბიუჯეტო ხარჯები პროგრამის დასაფინანსებლად. პროგრამის ხარჯების ზრდა, ბენეფიციარების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ასევე, განაპირობა 2019 წლიდან ერთ ოჯახზე საშუალო საარსებო შემწეობის ზრდამაც. მიუხედავად ამისა საარსებო შემწეობა ერთი ოჯახისთვის, კვლავ დაბალი რჩება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმზე. ასევე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დინამიკა ცხადყოფს, რომ საერთო მონაწილეობა დაბალია, თუმცა აქვს ზრდის ტენდენცია”,-აცხადებენ PMC-ში.

საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. კერძოდ, რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ღარიბია ოჯახი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S