
დაცულობის აღქმა და სახელმწიფო უსაფრთხოება - 3 ორგანიზაციის კვლევა
11/04/2023 10:32:08 საზოგადოება
სამი ორგანიზაცია საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების მდგომარეობასა და დაცულობის აღქმის შესახებ კვლევას აქვეყნებს. ანგარიშზე "CRRC-საქართველომ", "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ერთობლივად იმუშავა.
უსაფრთხოებისთვის ყველაზე მაღალი რისკის აღქმის შესწავლისას, კვლევის ავტორები გამოკითხული მოსახლეობის ორ პასუხს გამოყოფენ, რაც მათივე თქმით, დაახლოებით, ნახევარმა დაასახელა, ესაა: სიღარიბე და რუსეთიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა.
კვლევამ, ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის მეხუთედზე მეტი საფრთხედ რუსეთ-უკრაინის ომს, კრიმინალსა და ბუნებრივ კატასტროფებს მიიჩნევს.
"მთლიანობაში, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ქვეყნის მიერ უსაფრთხოების რისკებთან გამკლავებას დადებითად აფასებს. ეს შეფასება დადებითია მათ შემთხვევაშიც, ვინც მთავარ რისკად რუსეთ-უკრაინის ომი დაასახელა. თუმცა, შეფასება უარყოფითისკენ იხრება მათ შემთხვევაში, ვისი აზრითაც, საქართველოს უსაფრთხოების მთავარი რისკი სიღარიბეა", - ნათქვამია კვლევის შედეგების შეჯამებაში.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა წილმა ქვეყანაში არსებული ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობა დადებითად შეაფასა, დიდი უმრავლესობა (69%) თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და აუცილებელ რეფორმებს საჭიროებს.
გარდა ამისა, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი და, ზოგ შემთხვევაში, უფრო დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურები მათ სატელეფონო საუბრებს არ უსმენს, სოციალურ ქსელებს არ ამოწმებს, ინფორმატორების ან თვალთვალის საშუალებით მათ არ აკონტროლებს. თუმცა, ჩამოთვლილთაგან ადამიანების შედარებით მეტმა წილმა (36%) თქვა, რომ მათ სატელეფონო საუბრებს ყოველთვის ან ზოგჯერ უსმენენ.
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გამოჩნდა, რომ დაცულობის შეგრძნება მეტი, ან ნაკლები ინტენსივობით უმრავლესობას (69%) აქვს.
კვლევის შედეგების თანახმად, კაცები, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, სოფლებში მცხოვრებნი, ხელისუფლების მხარდამჭერი არხების მაყურებლები და მმართველი პარტიის მომხრეები თავს სხვებზე მეტად დაცულად გრძნობენ.
კვლევის ავტორები შენიშნავენ, რომ დაცულობის განცდა უფრო ნაკლებია ოპოზიციური მედიის მაყურებლებში და მათში, ვინც საერთოდ არ უყურებს ტელევიზიას, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც უპირატესობას ხელისუფლების მხარდამჭერ ტელევიზიებს ანიჭებს. ასევე, მმართველი პარტიის მხარდამჭერებთან შედარებით, ნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და ისინი, ვინც არცერთ პარტიას უჭერს მხარს.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოიკვეთა ისიც, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა დაბალია ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე.
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები არაა საკმარისი და უნდა გამკაცრდეს კონტროლი გამყოფი ხაზის გარშემო ადმინისტრაციულ საზღვარზე და გაძლიერდეს პოლიციის მუშაობა ამ რეგიონებში მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.
ანგარიში მოამზადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRCსაქართველო) ერთად. CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვა პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების შესახებ.გამოკითხვის საველე სამუშაოები 2022 წლის 27 მაისიდან 3 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და ჯამში 2 544 სრულწლოვანი ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის შედეგების განზოგადება, ცდომილების ფარგლებში, შესაძლებელია როგორც საქართველოს მთლიან მოსახლეობაზე, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქების, სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული არეალების მოსახლეობაზე. ცდომილების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 2.1%-ს შეადგენს.