აშშ-მა ამერიკელი ჟურნალისტი ოფიციალურად მიიჩნია რუსეთის მიერ "არამართებულად დაკავებულად"
11/04/2023 09:27:30 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Wall Street Journal-ის (WSJ) ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ოფიციალურად მიიჩნია რუსეთის მიერ "არამართებულად დაკავებულად" და გამოვიდა მისი დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით.
"ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ჩვენ ვგმობთ კრემლის მიერ რუსეთში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის გაგრძელებას, და მის მიერ კვლავაც წარმოებულ ომს სიმართლის წინააღმდეგ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–მდივანმა ვედანტ პეიტელმა.
ეფესბემ გერშკოვიჩი ეკატერინბურგში 29 მარტს დააკავა. მას ჯაშუშობას ედავებიან. WSJ კატეგორიულად უარყოფს გერშკოვიჩისთვის წაყენებულ ბრალდებებს და მოითხოვს მის გათავისუფლებას.
გერშკოვიჩის გათავისუფლების მოწოდებებით ასევე გამოვიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აშშ-ის სენატის ლიდერები.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა რუსეთის მიერ გერშკოვიჩის დაკავებას 10 აპრილს უწოდა "უტიფარი აქტი", რომელიც არღვევს პრესის თავისუფლებას - რასაც "მსოფლიო ბანკის ჯგუფი დიდი ხანია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს", ჟურნალისტების უსაფრთხოების ჩათვლით.


