ყაზახეთი საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის მოცულობების გაზრდას გეგმავს
11/04/2023 09:22:05 მსოფლიო
ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის მიწოდების მოცულობების გაზრდას გეგმავს, - განაცხადა პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ასტანაში, აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე.
"მოგეხსენებათ, ჩვენი შეთანხმებების წყალობით წელს აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის პირველი პარტიის ტრანსპორტირება განხორციელდა. შემდგომი ნაბიჯი მოცულობის ზრდა და ამ მიწოდებებისთვის გრძელვადიანი, სტაბილური ხასიათის მინიჭებაა. დიდი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის განვითარების 2022–2027 წლების "საგზაო რუქის" ეფექტურ რეალიზაციას. ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ამ მარშრუტისადმი გაზრდილი ინტერესი და მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის მესამე ქვეყნები მოვიზდოთ. ეს ზომები და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთქმედება უნდა იქცეს აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულებით ტვირთების სტაბილური და ოპერატული გადაზიდვის გარანტად" - აღნიშნა ტოკაევმა.
ცნობისთვის: ილჰამ ალიევი ყაზახეთს ოფიციალურ ვიზიტად 10 აპრილს ეწვია, ანუ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ყაზახეთმა პირვეად გაგზავნა აქტაუს პორტიდან ბაქოში კასპიის ზღვის გავლით ქაშაგანის საბადოს ნავთობი. ტანკერზე 6,9 ათასი ტონა ნედლი ნავთობი იყო ატვირთული.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელსაც შუა დერეფნად მოიხსენიებენ, წარმოადგენს საავტომობილო და სარკინიგზო ხაზებისა და პორტების ქსელს, რომლის სიგრძე დაახლოებით 6500 კილომეტრია. იგი სათავეს ჩინეთში იღებს, გაივლის ყაზახეთს, კასპიის ზღვის აკვატორიას, აზერბაიჯანს, საქართველოს, შემდეგ - თურქეთს, უკრაინას და ხვდება ევროპაში.
თებერვალში აღინიშნა, რომ ყაზახეთი ექსპორტის 15 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავს. ამ მიზნით ჩამოყალიბდა საერთაშორისო მარშრუტის განვითარების სამუშაო ჯგუფიც.


