
სახალხო დამცველი – მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარის კეთება ცდება ჩემი მანდატის ფარგლებს
11/04/2023 08:43:18 საზოგადოება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვის შესახებ კომენტარი მისი მანდატის ფარგლებს სცდება.
„სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარის კეთება ცდება ჩემი მანდატის ფარგლებს. შემიძლია, ვისაუბრო რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა. ეს დაკავშირებული იყო, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, იუსტიციის სკოლის გამიჯვნასთან, გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც, მათ შორის, პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.
კითხვაზე, სახალხო დამცველს უჩენს თუ არა კითხვის ნიშნებს ხსენებული 4 მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების სამართლიანობა, მან შემდეგი განაცხადა:
„სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული“.
ცნობისთვის: 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო შეზღუდვა დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). შეზღუდვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.