აშშ-ში პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდა
11/04/2023 06:05:51 მსოფლიო
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გამო სამი წლის წინ გამოცხადდა.
„10 აპრილს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აუქმებს„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის მოქმედებას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამასთან, თეთრ სახლში განმარტავენ, რომ 11 მაისამდე ძალაში რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს უზრუნველყოს უამრავი ამერიკელი უფასო ტესტებით, მკურნალობითა და ვაქცინებით.


