უკრაინის გენშტაბი - ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 52 შეტევა
11/04/2023 06:03:05 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 39 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ეს-300 ტიპის 4 რაკეტით ქალაქ კრამატორსკზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 47-ჯერ დაცხრილა თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 52 შეტევა.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 1 რაიონი და საბრძოლო მასალების საწყობი. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი მი-24 და 9 უპილოტო საფრენი აპარატი.


