რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე ქალაქებში საზეიმო აღლუმებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ
10/04/2023 11:27:27 მსოფლიო
რუსეთის ქალაქებში, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას ესაზღვრება, 9 მაისის საზეიმო აღლუმებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ, - იუწყება რუსული მედია.
დღეს ცნობილი გახდა საზეიმო ღონისძიების კურსკში გაუქმების შესახებ. შესაბამისი განცხადება გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა გააკეთა.
"გვიახლოვდება დიდი დღესასწაული - გამარჯვების დღე და უკვე დაწყებული გვქონდა მისთვის სამზადისი, თუმცა ფედერალურ დონეზე ჩვენს კოლეგებთან თათბირის შემდეგ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს საზეიმო აღლუმი არ ჩავატაროთ. რაც შეეხება "უკვდავი პოლკის" ყოველწიურ აქციას, მასთან დაკავშირებით მოგვიანებით ცალკე მივიღებთ გადაწყვეტილებას" - აღნიშნა მან.
გასულ კვირას ანალოგიური გადაწყვეტილება გამოაცხადა ბელგოროდის ხელმძღვანელობამაც, რომლის განმარტებით, "უკრაინა ქალაქს ისედაც რეგულარულად ესხმის თავს და ახლა მტრის პროვოცირება საჭირო არაა".


