რუსული არმია დონეცკის ოლქიდან გადის
06/04/2023 15:19:07 მსოფლიო
რუსულმა ჯარებმა უკრაინის დონეცკის ოკუპირებულ ოლქში, ფრონტის ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე პოზიციების დატოვება დაიწყეს. ამის შესახებ "Новая газета"-ს უკრაინაში მყოფი რუსული ჯარების დაჯგუფებიდან აცნობეს.
გამოცემის თანამოსაუბრეების ინფორმაციით, რუსეთს ჯარი გაჰყავს, მათ შორის, ავდეევკის მიდამოებიდან.
"გრძელდება ბრძოლა ნოვოსიოლოვკისთვის, უკრაინელები აქ შეტევაზე ჯერ არ გადასულან. რუსები ჯერ კიდევ აკონტროლებენ სოფელ ვოდიანოეს მიდამოებსაც, თუმცა უახლოესი ორი დღის განმავლობაში მათი უკან დახევაა მოსალოდნელი. ჩვენმა ქვედანაყოფებმა უკვე დატოვეს პოზიციები უგლედართან, სადაც ახლა 10 კმ სიღრმის რუხი ზონაა და რუსული ჯარი ვოლნოვახისკენ იხევს უკან. ჩვენი ქვედანაყოფები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოზიციებს მარიინკაში, თუმცა იქ ამ დროისთვის მხოლოდ მცირერიცხოვანი პირადი შემადგენლობაღაა დარჩენილი. ბახმუტში უკრაინელებმა თავის დროზე "ვაგნერელების" მიერ დაკავებული ცენტრალური კვარტლების გათავისუფლება დაიწყეს. მათი წინსვლა ნელია, თუმცა წარმატებული. ასე, რომ ბახმუტიდან ჩრდილოეთითა და სამხრეთით მყოფი ჩვენი ქვედანაყოფები გასასვლელად ემზადებიან", — აღნიშნა მან.
პოზიციების დატოვება რუსული შეტევის დასასრულს ნიშნავს. რუსულმა ქვედანაყოფებმა შეტევითი პოტენციალი ამოწურეს და თავდაცვაზე გადადიან, - განუცხადა გამოცემას სამხედრო-სამართლებრივი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მუსიენკომ, რომლის მონაცემებით, ამ დროისთვის რუსული არმიის აქტივობა ფრონტის ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზეა შემცირებული.
"მართალია, ბახმუტისა და ავდეევკის რაიონებში სისხლისმღვრელი დაპირისპირება გრძელდება, მაგრამ ბრძოლების ინტენსივობამ შესამჩნევად იკლო. უკრაინული არმია რიგ მონაკვეთებზე წინ - ოკუპანტის პოზიციების სიღმისკენ მიიწევს. ვვარაუდობ, რომ ამიერიდან რუსეთი არტილერიას უკვე არა შეტევისთვის, არამედ უკრაინელთა შესაკავებლად გამოიყენებს და ჭურვების გარკვეული რაოდენობა კიდევ გააჩნია", — აღნიშნა მან.
იმის შესახებ, რომ რუსეთის ზამთარ-გაზაფხულის შეტევამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, ამასწინათ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც (ISW) წერდა. მისი ინფორმაციით, რუსულმა შეტევითმა ოპერაციებმა ბახმუტის ირგვლივ, სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ, ასევე უგლედარისა და ავდეევკა-დონეცკის ფრონტებზე ხელშესახები წარმატებები ვერ მოიტანა და რუსეთმა, უდიდესი დანაკარგების მიუხედავად, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში აღება ვერც ამჯერად შეძლო.
ახალი გადაყენებები რუსულ სარდლობაში
ბრიტანეთის დაზვერვა რუსულ სამხედრო ხელმძღვანელობაში ახალ გადაყენებებს პროგნოზირებს იმის გამო, რომ გენერლებმა როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის კუთხით უდიდესი დანაკარგები დაუშვეს და კრემლის მიერ დასახული მიზნები მაინც ვერ განახორციელეს.
მისივე ვარაუდით, თანამდებობიდან უკვე გადაყენებულია და უკრაინის ფრონტიდან "ჩახსნილი" გენერალ-პოლკოვნიკი რუსტამ მურადოვი, რომელიც აღმოსავლეთ სამხედრო ოლქს ხელმძღვანელობდა. მიზეზად არაადექვატური ბრძანებების გაცემა სახელდება, რამაც ათასობით სამხედროს დაღუპვა გამოიწვია.
მურადოვის სარდლობით რუსული ქვედანაყოფები უგლედარის აღებას ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელების ხაფანგში მოექცნენ: ტანკები და ჯავშანმანქანები დანაღმულ მინდვრებზე აღმოუჩნდათ და უკრაინულ ცეცხლქვეშ პანიკაში ჩავარდნილი ეკიპაჟები გაქცევის მცდელობისას საკუთარ ქვეითებს სრესდნენ.
Oryx-ის მონაცემებით, სამ დღეში სრულად ამოწყდა საზღვაო ქვეითების ორი რუსული ელიტური ბრიგადა, განადგურდა 103 ერთეული ტექნიკა, მათ შორის - 36 ტანკი, მაშინ, როცა უკრაინულმა მხარემ მაშინ მხოლოდ 20 ერთეული ტექნიკა დაკარგა.
იგივე მურადოვი იყო თავის დროზე იმ გენერლებს შორის, რომლებიც კიევზე რუსეთის თავდაპირველ წარუმატებელ შეტევას ხელმძღვანელობდნენ.
"ამ დროისთვის მურადოვი 2023 წელს გადაყენებულთა შორის რანგით ყველაზე მაღალი ჩინოსანია, თუმცა მას უახლოეს ხანებში, მაღალი ალბათობით, სხვებიც დაეწევიან, რადგან რუსეთი უკრაინაში დასახულ მიზნებს კვლავინდებურად ვერ აღწევს" - აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის მოხსენებაში.
იგივეს პროგნოზირებდა აპრილის დასაწყისში ISW-ც, რომლის ინფორმაციით, კრემლი მორიგი რუსული შეტევის კრახით უკიდურესად იმედგაცრუებულია.
მისივე ინფორმაციით, დასახული ამოცანების 31 მარტამდე ვერმიღწევამ რისკის ქვეშ დააყენა კიდევ ერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის - გენშტაბის ხელმძღვანელის, უკრაინაში რუსული არმიის სარდალ ვაერი გერასიმოვის კარიერაც. მიმდინარე წლის 31 ანვრიდან 28 თებერვლამდე პერიოდში რუსულმა არმიამ ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი მხოლოდ 0,04%-ით (234 კვ/ კმ-ით) გაზარდა და ამას 30 ათასზე მეტი სამხედროს სიცოცხლე შესწირა.
ამასობაში Reuters წერს, რომ უკრაინას უკვე 40 ათასი ახალწვეული ჰყავს მომზადებული კონტრშეტევისთვის, რომელიც სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიწყება.


