Accentnews.ge
პედაგოგს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ [ვიდეო]

პედაგოგს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ [ვიდეო]

06/04/2023 09:22:50 საზოგადოება

ქუთაისის ერთ–ერთი სკოლის მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფაქტს იკვლევენ. ვიდეო სოციალურ ქსელში 5 აპრილს გაავრცელა სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა. ვიდეოში ჩანს, რომ ქალი ბავშვს ხელით ეხება და უყვირის,"მაიმუნო". მშობელი პედაგოგის სკოლიდან გაშვებას მოითხოვს.

ნინო კვიჟინაძის ცნობით, „პედაგოგის ძალადობა სკოლაში წლებია ვერავინ შეაჩერა“.

ის წერს, რომ ვიდეო შვილმა გაუგზავნა და ყველას მოუწოდებს, არ გაბედონ ვიდეოს ავტორის ვინაობის რკვევა, „ბავშვები თავს ისე იცავენ, როგორც შეუძლიათ“:

„ჩემი შვილი, შენი შვილი – მთელი სკოლა ხედავს ამ ძალადობას და ხმა ამოიღეთ მშობლებო!.. არ გაუშვათ ბავშვები სკოლაში გამოაცხადეთ ბოიკოტი, სანამ არ შეიცვლება ეს სიტყვით აუღწერელი უზრდელობა და ბოროტება!".

არსებული ინფორმაციით, ფაქტის შესწავლამდე მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს ჩამოშორებულია.

ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის დიმიტრი ქარსელაძის განცხადებით, დაწყებულია შიდასასკოლო მოკვლევა, გამოკითხეს პედაგოგი და გეგმავენ მოსწავლეების გამოკითხვასაც.

მისი თქმით, ვერ მოხერხდა მშობელთან გასაუბრება, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა:

„აქ რაც ჩანს, საწერ-კალამს აკაკუნებდა მოსწავლე მაგიდაზე და მივიდა მასწავლებელი, რომელმაც მისწია გვერდზე მოსწავლე და გამოართვა კალამი. თვითონ ვიდეოს ავტორი არ გამოდის კავშირზე, რომ დამატებით ინფორმაცია მივიღოთ და არ გვეთანამშრომლება“.

დიმიტრი ქარსელაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს მასწავლებლის მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. დირექტორის განცხადებით, მასწავლებლის მხრიდან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ფაქტით დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები და მოკვლევა დაიწყო რესურს–ცენტრის აუდიტის სამსახურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S