
10 აპრილიდან პური 10 თეთრით გაიაფდება
06/04/2023 08:35:17 ეკონომიკა, საზოგადოება
„10 აპრილიდან გადაწყვეტილია, რომ მწარმოებლები ქვის პურს, იგივე სოციალური პურის ფასს 10 თეთრით შეამცირებენ“, - ეს განცხადება პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
3 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ფქვილის ფასის შემცირება პურის ღირებულებაზე უნდა აისახოს. პურის გაიაფების მოლოდინი ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიკამენტების, სურსათის და საწვავის ფასების კლების დინამიკაზე საუბრისას გამოთქვა.
6 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე მალხაზ დოლიძემ განაცხადა:
„ის, რაც პრემიერმა გამოაცხადა, ჩვენ ამ სიტყვას შევასრულებთ და ვაჭრობის ობიექტებს პური 10 თეთრით ნაკლებად მიეწოდება“.
მისი თქმით, ფასის კლება პურის წონაზე არ აისახება.
დამაზუსტებელ კითხვას, ასახავენ თუ არა 10 თეთრით იაფად მიწვდილი პურის ფასს მაღაზიები, პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელმა უპასუხა: „ქსელური მაღაზიები, სადაც ურთიერთობები მოწესრიგებულია, იქ ეს პრობლემა არ იქნება. უბნის მაღაზიებს რაც შეეხება, აქ გარანტორი ვერ ვიქნები, რადგან ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ყველა ფასნამატს თვითონ ადგენს, თუმცა როდესაც მომხმარებელი ნახავს, რომ ერთ მაღაზიაში უფრო იაფია, ვიდრე მეორეში, რა თქმა უნდა, დაბალ ფასად შეიძენს პურს და ამის იმედი მაქვს“.