Accentnews.ge
ვრცელდება ცნობები ბახმუტში სამი ქართველი მებრძოლის დაჭრის და ორის დაკარგვის შესახებ

ვრცელდება ცნობები ბახმუტში სამი ქართველი მებრძოლის დაჭრის და ორის დაკარგვის შესახებ

05/04/2023 08:45:28 საზოგადოება

გვიან ღამით ცნობილი გახდა ბახმუტთან ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ქართველი მებრძოლები მტრის საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლნენ. მათი ვინაობა „აქცენტისთვის“ ცნობილია, მაგრამ ვინაიდან ოჯახებისთვის მომხდარის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ, გამოცემა მათ ვინაობას შეგნებულად არ ასაჯაროებს.

არსებული ინფორმაციით, შეტაკებისას სამი ქართველი მებრძოლი დაიჭრა, კიდევ ორი დაკარგულად ითვლება. მებრძოლების დაკარგვის შესახებ ცნობები სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება, ამის შესახებ „აქცენტს“ უთხრა ორმა ქართველმა მებრძოლმაც, თუმცა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არაა.

ქალაქში ამ დროისთვის კონტაქტური ბრძოლები გრძელდება და ზონიდან ცხედრების გადმოსვენება და დაჭრილების გამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება.

„ეს ორი მებრძოლი [დაღუპულები – რედ. ]იყო „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არ დაამთავრეს მომზადების კურსი და გადავიდნენ უკრაინულ შენაერთში და რამდენიმე დღეში მოხდა ეს შემთხვევა. მოყვნენ მძიმე არტილერიის ცეცხლის ქვეშ და ორი მებრძოლია დაღუპული. კიდევ რამდენიმე ქართველია დაჭრილი. სამწუხაროდ, ტერიტორია კონტროლდება მოწინააღმდეგის მიერ და ძალიან რთულია ზუსტი ინფორმაციის მოპოვება“,– ამბობს უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი.

დაღუპულების შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო, თუმცა ინფორმაციას ამოწმებს და ამ ეტაპზე კომენტარს ვერ აკეთებს.

უკრაინაში რუსეთმა ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას 41 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

რუსი სამხედროები ბახმუტის ხელში ჩაგდებას გასული წლიდან უშედეგოდ ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსთა თქმით, ქალაქს არ აქვს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა. დასავლური დაზვერვის ცნობით, ამ მიმართულებაზე რუსეთის დანაკარგები ხუთჯერ აღემატება უკრაინისას.

ბახმუტისთვის თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლას მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანად უკრაინის და რუსეთის ძალებს შორის, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში ფართომასშტაბიანი, არაპროვოცირებული, დანაშაულებრივი ომი გააჩაღა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S